10 June 2011

გორის ციხე

გორის ციხე — ისტორიული ციხესიმაგრე ქართლში, ქ. გორის ცენტრში, მაღალ კლდოვან ბორცვზე. ჩრდილოეთ ფერდობზე შემორჩენილი ნანგრევები და არქეოლოგიური მონაცემები მოწმობს, რომ აქ ძვ. წ. I ათასწლეულის უკანასკნელ საუკუნეებში ძლიერი სიმაგრე, მის გარშემო კი მოსახლეობა ყოფილა. „გორის ციხედ“ წყაროებში პირველად XIII საუკუნეში იხსენიება. გორის ციხე მნიშვნელოვან სტრატეგიულ სიმაგრეს წარმოადგენდა; მისი დაუფლება ნიშნავდა პოლიტიკურ ბატონობას მთელ შიდა ქართლზე. საუკუნეების მანძილზე გორის ციხე არაერთხელ განახლებულა და გადაკეთებულა. ძირითადი ნაწილი აღდგენილია XVII საუკუნის 30-იან წლებში როსტომ მეფის მიერ. დღევანდელი სახე ციხემ 1774 წელს მიიღო, როცა იგი საფუძვლიანად შეაკეთა მეფე ერეკლე II-მ. ქართლ-კახეთის რუსეთთან შეერთების (1801) პირველ წლებში გორის ციხე კიდევ ასრულებდა თავის სტრატეგიულ ფუნქციას — აქ რუსეთის არმიის გრენადერთა ბატალიონი იდგა. შემდგომში მან დაკარგა ადრინდელი მნიშვნელობა. ციხე-სიმაგრე ნაგებია რიყის ქვით; ადრინდელ ფენებში თლილი ქვაა ნახმარი. გეგმით ოვალურ ციტადელს დასავლეთიდან შედარებით უკეთ შემონახული ნაწილი — „ცხრაკარა“ ეკვრის; სამხრეთით და აღმოსავლეთით დამხმარე გალავნებია. ციხესიმაგრის თავდაპირველი შესასვლელი არ ჩანს; სამხრეთ კედლის შუაში მოთავსებულია გვიანდელი ხანისკამაროვანი ჭიშკარი. სამხეთ-აღმოსავლეთ მონაკვეთში პატარა ეკლესიის ნანგრევებია. ციხეს ჰქონდა გვირაბი წყლის ამოსაზიდად და წყალსაცავი. გორის ციხე მნიშვნელოვნად სააზიანა 1920 წლის მიწისძვრამ.

09 June 2011

გორის ისტორია


      გორი ერთ-ერთი უძველესი ქალაქია საქართველოში. ოფიციალურად ქალაქად გამოცხადდა 1801 წელს. სახელწოდება წარმოდგება ქალაქში აღმართული კლდოვანი გორაკისაგან, რომელზეც გაშენებულია ძველი ციხესიმაგრე. მატიანეებში გორი VII საუკუნიდან იხსენიება, თუმცა ზოგიერთი ისტორიული წყარო ქალაქის დაარსებას დავით აღმაშენებელს მიაწერს (XII ს. დასაწყისი). არქეოლოგიური მასალები მოწმობს, რომ ძველი და ახალი წელთაღრიცხვის მიჯნაზე უნდა არსებულიყო ქალაქური ტიპის დასახლება. გორის ტერიტორიაზე უძველესი არქეოლოგიური ძეგლია ადრინდელი ბრინჯაოს ხანის ნამოსახლარი, მტკვრის ნაპირას, ადგილ ღამბარეულზე. ნაპოვნი კერამიკა ტიპობრივია ძვ. წ. III ათასწლეულში მტკვარ-არაქსის კულტურისათვის. 1946 წელს გორის ციხის ჩრდილოეთ მხარეზე მეწყერმა გააშიშვლა ანტიკური ხანის კულტურული ფენა. აღმოჩნდა ალიზის კედელი, თხელკეციანი ქვევრები, წითლად შეღებილი ბრტყელი და ღარისებრი კრამირი, შავპრიალა და წითლად გამომწვარი თიხის ჭურჭლის ნატეხები. ფენები ძვ. წ. I ათასწლეულის მიწურულითა და ახ. წ. დასაწყისი საუკუნეებით თარიღდება. ამავე ხანის სამრხები აღმოჩნდა ციხის აღმოსავლეთით. სამარხებში ნაპოვნია თიხის ჭურჭელი, მონეტები, მძივები, სამაჯურები და სხვა სამკაული. აღმოჩენილ არქეოლოგიურ ძეგებს შორის საყურადღებოა აღმოსავლური იერის ქვის მრგვალი ქანდაკების თავი, რომელიც ანტიკური ხანისა უნდა იყოს.
      ქალაქი უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული და ეკონომიკური გზების გადაკვეთაზე მდებარეობდა და მისი დაუფლება ნიშნავდა პოლიტიკურ ბატონობას შიდა ქართლზე. XIII საუკუნეში გორს ოსები დაეუფლნენ და მონღოლთა დახმარებით კარგა ხნით დამკვიდრდნენ აქ. XIV საუკუნის 20-იან წლებში მეფე გიორგი V ბრწყინვალემ გაათავისუფლა ციხე-ქალაქი. 1477 წელს აყ-ყოიუნლუს სახელმწიფოს შაჰი უზუნ-ჰასანი მოულოდნელად თავს დაესხა გორს, უბრძოლველად აიღო, მაგრამ მალე დატოვა იგი. XVI საუკუნის შუა წლებში გორი დროებით აიღო ირანის შაჰმა თამაზ I-მა. XVI საუკუნის ბოლოს გორი ქართლში ოსმალთა ბატონობის პლაცდარმი გახდა. 1599 წელს მეფე სიმონ I მოულოდნელად თავს დაესხა გორს, აიღო ციხე და გაანადგურა ოსმალთა გარნიზონი. 1614 წელს ირანის შაჰმა აბას I-მა დაიკავა და ერთხანს აქედან განაგებდა დამორჩილებულ ქვეყანას. ფრანგი მოგზაურის ჟან შარდენის ცნობით, XVII საუკუნის 70-იან წლებში გორი მნიშვნელოვანი სავაჭრო ცენტრი იყო. 1723 წელს ქალაქი ოსმალებმა დაარბიეს. აქედან მოყოლებული გორი რამდენიმე წელი ოსმალთა ხელში იყო. 1735 წელს გორში სპარსელები გაბატონდნენ. XVIII საუკუნის 40-იან წლებში გორი უცხოელ დამპყრობელთაგან განთავისუფლდა.

      გორი კულტურულ-საგანმანათლებლო კერაც იყო. აქ მოღვაწეობდნენ მწიგნობრები: ფარსადან გორგიჯანიძე, დავით ტულუკაშვილი (XVIII ს.), გიორგი გორელი (XVIII ს.), სტეფანე ფეშანგიშვილი (XVIII—XIX სს.), თუმანიშვილთა გვარის მრავალი წარმომადგენელი: ავთანდილი (XVIII ს.), დიმიტრი (XVIII—XIX სს.), გიორგი (1744—1837), დავითი (XVIII—XIX სს.) და სხვა.
      რუსეთთან შეერთების შემდეგ გორი სამაზრო ქალაქი გახდა, ხოლო 1950 წლიდან — რესპუბლიკური დაქვემდებარების ქალაქი.
      მოსახლეობის რაოდენობა ასე იცვლებოდა: 1865 წელი — 5,1 ათასი, 1897 წელი — 10,5 ათასი, 1914 წელი — 25,7 ათასი, 1977 წელი — 54,1 ათასი, 1988 წელი — 61,2 ათასი. ამჟამად მოსახლეობა 49,5 ათასს შეადგენს (2002 წ.).
      გორი მნიშვნელოვანი სარკინიგზო კვანძია, აქედან სარკინიგზო განშტოება მიემართება ქალაქ ცხინვალისკენ. ქალაქში არის მსუბუქი და კვების მრეწველობის საწარმოები, ჯანდაცვის, განათლებისა და კულტურის დაწესებულებები. გორში არის სამთავისისა და გორის ეპარქიის კათედრა და რეზიდენცია.

შვიდი წამალი გამოფხეკილი საფულისთვის (ნაწყვეტი წიგნიდან: "ყველაზე მდიდარი ადამიანი ბაბილონში")

ბაბილონის დიდება გრძელდება .  საუკუნეების განმავლობაში მისი რეპუტაცია მოდის ჩვენთან , როგორც უმდიდრესი ქალაქებს შრის , მისი საგანძუ...